Gay.ge ქართული
Gay.ge
ძიება ყველგან
სულ მომხმარებლები: 3837
გაცნობის პროფაილები: 612
საიტზე ახლა არის:
0 რეგისტრირებული მომხმარებელი, აქედან
0 გაცნობის მსურველი
0 ჩეთში
20 სტუმარი, აქედან
1 ჩეთში
05.05.2010

„დიდი მადლობა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს, რადგან ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ეს წიგნი არ დაიწერებოდა!" - ამ სიტყვებით თავისი სადებიუტო კრებულის, „საიდუმლო სირობის", ავტორმა ერეკლე დეისაძემ ილიას უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გამართულ პრეზენტაციაზევე უნებურად მიგვანიშნა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კრებულის "მკითხველი" აუდიტორიის დიდი ნაწილი. არც შემცდარა.

დღეს, უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა "სამიზნე აუდიტორიამ"-მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობასთან და უბრალოდ, მართლმადიდებელ სტუდენტებთან ერთად, თავის მხრივ, ქვეცნობიერი მადლობა გადაუხადა ერეკლეს; ის რომ არა, ალბათ გაურკვეველი დროით გადაიდებოდა მორიგი საპროტესტო აქცია; „ანტიტყაოსანი" ხომ უკვე დაწერილია, ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი, კი, ქართველ წმინდან მეფეებს არ ეხება.

მკითხველებს დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ იმისათვის, რომ კრებულის ლიტერატურულ ღირებულებაზე ავად თუ კარგად ემსჯელათ. დღეიდან კი, "საიდუმლო სირობის", როგორც ლიტერატურული პროდუქტის რელიგიურად ნეიტრალური განხილვა, მარგინალიზებულია. ამიერიდან ის საკრალური სივრცის კუთვნილებაა.

საქმე კიდევ უფრო გაართულა კრებულის პრეზენტაციაზე ავტორის ხუმრობამ, რომ მისი წიგნის გამოცემას ზურგს დიდი საიდუმლო ორგანიზაცია უმაგრებდა. როგორც ჩანს, დღევანდელი აქციის მონაწილეებმა ეს განცხადება სრულიად სერიოზულად აღიქვეს და სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის წევრები დღეს ასევე სერიოზულად მარწმუნებდნენ, რომ 20 წლის დეისაძე თავისუფლების ინსტიტუტის ერთერთი დამფუძნებელი და წევრია. მისი ფოტოები კი, ამავე ინსტიტუტის ყველა ცნობილ და ნაკლებად ცნობილ სახესთან ერთად მძივად ააწყვეს და ჰაერში გამოფინეს.

"ამ სურათებზე იმ ძირითად იდეოლოგებს ხედავთ, ვინც ჩვენს მომავალს რყვნის. ისინი მამათმავლობის აპოლოგეტები არიან." -აცხადებდა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ერთერთი დამაარსებელი, მალხაზ გულაშვილი.

„გიგი თევზაძე - მართლმადიდებლობის მდევნელი" - ეს კი აქციის მთავარი ლოზუნგი იყო.

საქმე ისაა, რომ დეისაძის წიგნის პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ რექტორატში 1300 სტუდენტის მიერ ხელმოწერილი ფურცელი შევიდა, ილიას უნივერსიტეტში მართლმადიდებლური სამლოცველო კუთხის გახსნის მოთხოვნით, რომელიც რექტორმა არ დააკმაყოფილა. სტუდენტების თქმით, მისი უარი საკმაოდ ცინიკური იყო.

"ჰომოსექსუალიზმის მქადაგებელი წიგნის პრეზენტაცია მოაწყეს, ჩვენ კი სამლოცველოს მოწყობის ნებას არ გვაძლევენ. მე უკვე გავაფრთხილე თევზაძე, თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პასუხს არ ვაგებ შემდეგ ზომებზე, რა მოხდება და რას გააკეთებს თითოეული ქართველი! მე ვარ მართლმადიდებელი მამაკაცი და როცა ღირსებას მილახავენ, თავს გავწირავ!" - ამბობს აქციის ყველაზე აქტიური სტუდენტი, ერეკლე ფაჩოშვილი.

რექტორატის არგუმენტი, რომ არ უნდა მოხდეს უნივერსიტეტის, როგორც საერო სივრცის პირად, სასულიეროში აღრევა და რომ ეს ორივე სივრცეს აზიანებს, დამაკმაყოფილებელ პასუხად არ ჩაითვალა.

აქციაზე მისული, დაახლოებით, 200-მდე ადამიანი, რომელთა შორის სტუდენტები დაუფროსი თაობის ადამიანები თანაბრად ერია, აღშფოთებულ შეძახილებს ხან დეისაძის "გარყვნილების მქაადაგებელი" წიგნისკენ მიმართავდა, ხან უნივერსიტეტის რექტორის თაოსნობით, თავისუფლების ინსტიტუტის წევრებისკენ.

გამომსვლელთა რელიგიური მუხტი სრულიად საკმარისი იყო, თუმცა აქცია პოლიტიკისგან მაინც ვერ გადარჩა. დაწყებიდან ნახევარ საათში, ტრიბუნაზე ზვიად ძიძიგური გამოჩნდა და მიუხედავად რამდენიმე სტუდენტის თხოვნისა, სიტყვით არ გამოსულიყო, რომ აქციას პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა, ძიძიგურის ხელში რუპორი მაინც აღმოჩნდა. პოლიტიკოსმა უმაყოფილო სტუდენტებს ასე მიმართა:

"თუ ასე ცალ-ცალკე აპირებლთ ბრძოლას სარწმუნოების, სამშობლოს, ღირსების დასაცავად, არაფერი გამოვა! ასეთ დროს, პროფესიის მიუხდავად ყველანი ერთად უნდა დავდგეთ!"

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი აპირებენ, საპატრიარქოს დეისაძის წიგნის ასაკრძალადაც მიმართონ, თუმცა უცნობია, რა სამართლებრივი მექანიზმით მოხერხდება ეს.

"ქრისტიანული საიდუმლოების აბუჩად აგდება. ქართველი ერის და წინაპრების შეურაცხყოფა და მათი ყოვლად შეუსაბამო კონტექსტში მოხსენიება. ბაგრატიონთა გვარის მიზანმიმართლად გამოყენება მისი შეურაცხყოფისთვის. ნამდვილი ფასეულობების მიმართ სიძულვილის თესვა." - ასე ქვეთავებად და თეზისებად ჩამოწერეს ორგანიზატორებმა ილიას უნივერსიტეტში წინასწარ დარიგებულ ბუკლეტებზე ყველა ის პუნქტი, სადაც "საიდუმლო სირობის" ავტორი სახარებას და ქრისტიანულ მცნებებს ეწინააღმდეგება.

ეს უკვე იმაზე დიდი პოსტმოდერნია, ვიდრე ამაზე დეისაძის კრებულს შეიძლება ჰქონოდა პრეტენზია. თუმცაკი ფაქტია, დღეს ამ ორმა საპირისპირო პოლუსმა არალიტერატურულ სივრცეშიც დაადასტურა, რომ ერთმანეთით იკვებებიან.

ლიტერატურულ გასაჭირს თავი დავანებოთ და დღევანდელი დღის განზოგადოებით მეჩვენება, რომ ასეთი აქციები რთულ მდგომარეობაში აყენებს მაგალითად ისეთ მართლმადიდებელს, რომელიც შეიძლება სრულიად არარელიგიური მოტივით აკრიტიკებდეს თავისუფლების ინსტიტუტს. ისევე, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, რომლისთვისაც დღეს "მოღალატე ნოღაიდელისტის" იარლიყია გამზადებული.

წყარო: www.liberali.ge


მე ვარ
მინდა გავიცნო
ასაკი -
ძებნა
ახალი პროფაილები
temson 25
David 2012
Gei 26
gio 22
Harvest 24
irakli 21
2008, GAY.GE შენი თანამგზავრი [ვერსია 5.0 ალფა]
შექმნილია ფონდი ინკლუზივისა და COC Netherlands-ის მხარდაჭერით
ყველგან საიტში ფორუმში