17 მაისი ჰომოფობისათან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, 1 ივნისი კი მძიმე საბჭოურ მემკვიდრეობასთან ბრძოლას უკავშირდება: 2000 წელს ამ დღეს საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა. ამ ორ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის ფონდ "ინკლუზივის" წარმომადგენლებს, ეკა აღდგომელაშვილს და პაატა საბელაშვილს მივმართეთ.
ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი "ჰომოფობია" ასეა განმარტებული: "ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა". ამ მოვლენათა ერთ რანგში განხილვა, ერთი მხრივ, მიგვანიშნებს იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების მსგავსებაზე, რომლითაც აღიწერება თვითოეული ეს მოვლენა და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ჰომოფობიასთან, როგორც საშიშ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლის მნიშვნელოვანებასა და აუცილებლობას.
ცხადია, "ფონდი ინკლუზივის", როგორც ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობის დაძლევაა. ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული თვითგამოხატვა არ იქნება დისკრიმინაციის საფუძველი. მოგეხსენებათ, დემოკრატიული, მდგრადი და სრულფასოვანი საზოგადოება წარმოუდგენელია ლესბოსური, გეი, ბისექსუალური ორიენტაციისა და ტრანსგენდერულ ადამიანთა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სოციალური ჯგუფის სრული ინტეგრაციის გარეშე.
2005 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 17 მაისის გამოცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოიღო. გაეროში გაგზავნილ მიმართვას მაშინ 35 ქვეყნიდან ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლმა 10 000-ზე მეტმა აქტივისტმა მოაწერა ხელი. ამ მოთხოვნას, ცხადია, თავისი მიზეზები ჰქონდა. ჰომოფობიის გამოვლინების თვალსაზრისით, XX საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერიოდია ისტორიაში. ჰომოსექსუალები იდევნებოდნენ და ისჯებოდნენ საბჭოთა კავშირში. ნაცისტურ გერმანიაში ამ ბრალდებით 100 000-მდე ადამიანმა საკონცენტრაციო ბანაკებში ამოყო თავი...
საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობის ხელახალი კრიმინალიზაცია 1934 წელს მოხდა. ამ პერიოდში, ჰომოსექსუალობასთან ბრძოლა ლამის სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილად იქცა. თუმცა, სტერეოტიპი "ჰომოსექსუალობის დასავლური წარმოშობის შესახებ, როგორც ბურჟუაზიის მორალური დეგრადაციის შედეგისა", 70-იან წლებშიც კი საკმაოდ აქტუალური იყო (საინტერესოა, რომ 60-იან წლებში, ამერიკაში ლგბტ სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის დასაწყისში, ამერიკელები ჰომოსექსუალებს კომუნისტებად და საბჭოთა კავშირის აგენტებად თვლიდნენ, რომლებიც ცდილობდნენ "გაერყვნათ პატიოსანი ამერიკელი ახალგაზრდები"). ამ სიტუაციას ხშირად იყენებდნენ შანტაჟისა და დაშინებისათვის. საინტერესოა, რომ კანონი მხოლოდ მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირისათვის ითვალისწინებდა სასჯელს, ლესბოსელობა კი ფსიქიკურ გადახრად ითვლებოდა.
დღესაც, XXI საუკუნეში მსოფლიოს ოთხმოცდაექვს ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კანონითაა აკრძალული და ისჯება - ზოგ ქვეყანაში სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, ზოგან კი ადამიანებს სიკვდილით სჯიან.
რაღა თქმა უნდა, ჰომოსექსუალობის ამოღება ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან და მისი დეკრიმინალიზაცია წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონის არარსებობის პირობებში, ლგბტ ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის მსხვერპლნი. არათუ საქართველოში, სადაც არა მარტო ჰომოფობიის პროპაგანდა, არამედ რელიგიური შეუწყნარებლობისა და სექსიზმის გამოვლინებაც ბოლო პერიოდის წინასაარჩევნო პერიოდის უცვლელ ატრიბუტად იქცა, არამედ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც დიდი ხნის წინ მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, ყოველდღიურად აღინიშნება ძალადობის ფაქტები სკინჰედებისა, სხვადასხვა ნეოფაშისტური დაჯგუფებების მხრიდან. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესების მთავარი მიზეზი მსოფლიოში ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციის ამ და სხვა მრავალ ფაქტზე ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო ვარდისფერი სამკუთხედია, რომლის ისტორიაც ნაცისტურ რეჟიმს უკავშირდება. ბოშებთან და ებრაელებთან ერთად, ჰომოსექსუალები იმ "არასასურველ"ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, ვის განადგურებასაც ნაცისტები აპირებდნენ. კანონმდებლობის 175-ე პარაგრაფში, რომელიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს კრძალავდა, ჰიტლერის მიერ ცვლილებები იქნა შეტანილი, რომლის მიხედვით, ჰომოსექსუალური აქტის გარდა, იკრძალებოდა აგრეთვე კოცნა, ჩახუტება, ჰომოსექსუალური ფანტაზიებიც კი! კანონის დამრღვევები სასჯელს ციხეში იხდიდნენ, შემდეგ მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ. გამოტანილი განაჩენი მათ სტერილიზაციას ითვალისწინებდა, რასაც ხშირად კასტრაციაც სდევდა თან. 1942 წელს სასჯელი გაამკაცრეს და ჰომოსექსუალური აქტისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ.
საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმართა მარკირების თავისებური სისტემა ჰქონდათ - მწვანე სამკუთხედს კრიმინალური ელემენტები ატარებდნენ, წითელს - პოლიტპატიმრები, ერთმანეთის გადამფარავი ყვითელი სამკუთხედები, რომელთა კომბინაციაც დავითის ვარსკვლავს ქმნიდა, პატიმრის ებრაულ წარმოშობაზე მიუთითებდა. ვარდისფერ სამკუთხედს კი ჰომოსექსუალები ატარებდნენ. ბანაკების პატიმართა იერარქიაში ისინი ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ.
ისტორიკოსებს ამაზე საუბარი არ უყვართ, ჩვენი ვარდისფერი სამკუთხედი კი, ამოტრიალებული, ძახილის ნიშნით, არავის აძლევს ისტორიის დავიწყების ნებას, რათა ეს ისტორია აღარასოდეს განმეორდეს.




Google